16/03/2026
ქალთა კვირეულის ფარგლებში გამოფენა გაყიდვა ჰიპერმარკეტ გუდვილის ტერიტორიაზე
ქალთა კვირეულის ფარგლებში, 2026 წლის 6; 7 და 8 მარტს, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ჰიპერმარკეტ გუდვილის შესასვლელ სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ და შეეძინათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი და სასურსათო პროდუქცია, მათ შორის: დეკორატიული ხის დაფები, ტექსტილის ნაწარმი, ნაქსოვი სათამაშოები, სამკაულები, ეპოქსიდის ნაკეთობები, კერამიკული ნივთები, თაფლი, სხვადასხვა სანელებლებით მომზადებული აჯიკა, ტკბილეული და სხვა პროდუქცია.
აღნიშნულ ღონისძიებაზე კომპანია „გუდვილსა“ და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც დევნილ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, პერიოდულად „გუდვილის“ სივრცეში განათავსონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია.
აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით.
მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს დევნილი ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათი სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას და ეკონომიკურ პროცესებში მათ აქტიურ ჩართულობას.